სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მიზანია ქვეყანაში ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესება
დეპარტამენტის საქმიანობა ძირითადად მოიცავს:
- სკოლამდელი და ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში ხელშეწყობას, მისი განხორციელების კოორდინაციას და ანგარიშგებას;
- სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტისა და პროგრამის შემუშავებას, განვითარებას, პილოტირებას და კოორდინაციას;
- ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებას, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამების შემუშავებას, დანერგვის ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრას,
- ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობას;
- სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევების ჩატარებას;
- ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების წარდგენას სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოს სერიის გრიფირების გამოცხადების, მასთან დაკავშირებული პირობების, შეფასების შინაარსობრივი კრიტერიუმების, ვადებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ;
- სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სავალდებულო ზოგადი განათლების მიღების უფლებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობას;
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობას
- დეპარტამენტის დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
- სკოლამდელი განათლების სამმართველო;
- ზოგადი განათლების სამმართველო;
- ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების სამმართველო.
ზოგადი განათლების რეფორმა
ზოგადი განათლების რეფორმა მიზნად ისახავს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას და სკოლის სახით ისეთი სივრცის ჩამოყალიბებას, რომელიც კარგი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდას შეუწყობს ხელს. (ზოგადი განათლების რეფორმა ხორციელდება „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამაზე დაყრდნობით.)
ამ მიზნების მისაღწევად მთავარი ინსტრუმენტია ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოთხოვნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ეს მოთხოვნები სამ მიმართულებად შეიძლება დაიყოს:
- სწავლა-სწავლების პროცესის ორიენტირება გრძელვადიან მიზნებზე (სამიზნე ცნებები, საფეხურის შედეგები);
- სწავლა-სწავლების პროცესის ორიენტირება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე (სწავლა-სწავლების ხუთი პრინციპი);
- ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 2018 წელს დაიწყო, რეფორმის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გადადის სკოლაში მიმდინარე პროცესების მხარდაჭერაზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს უშუალოდ ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რესურსცენტრებზე დაყრდნობთ, ხოლო რიგი ფუნქციები დელეგირებულია სსიპ-ებზე; ამავდროულად, სამინისტროს პარტნიორობას უწევენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
დანერგვის პროცესში სკოლები სამინისტროსა და რესურსცენტრებისგან იღებენ კონკრეტულ ამოცანებს და ავტონომიურად ზრუნავენ ლოკალურ დონეზე მათი განხორციელებისთვის. პროცესში სკოლებს ეხმარება სამინისტროს მხარდამჭერი ჯგუფები ქოუჩინგის რეჟიმში.
ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 24 მხარდამჭერი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან: ყველა საგნის ექსპერტი, დაწყებითი განათლების ექსპერტი, ტექნოლოგიების ექსპერტი, ინკლუზიური განათლების ექსპერტი, ლიდერობის ექსპერტი და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორები.