ინტერვიუ მასწავლებელთან – ნონა შალამბერიძე

#ინტერვიუმასწავლებელთან
📍რეფორმის ფარგლებში შეეცადეთ აღწეროთ მოსწავლის თვალით დანახული სასწავლო პროცესი.
✅მესამე წელია, რაც საჩხერის N1 საჯარო სკოლამ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაიწყო მუშაობა. გადაჭარბების გარეშე, მოსწავლეთა უმეტესობას სასწავლო პროცესი მიაჩნია საინტერესოდ, დინამიურად, სახალისოდ. შემოქმედებითი სახის დავალებებს ყოველთვის ასრულებდნენ მოსწავლეები, მაგრამ ეპიზოდურად, არასტრატეგიულად. ახლა საინტერესო პროცესზე ორიენტირება მუდმივია და თან მიზნობრივი. ჩემი მოსწავლისთვის სასწავლო პროცესი ასეთია: სკოლაში კეთილგანწყობილი გარემოა, ახალი და საინტერესოა ყველაფერი, დამიფასებენ ცოდნას, მაღიარებენ, ყველა მხარს დამიჭერს წარმატების მისაღწევად, მასწავლებელი „უცნაურად“ კარგ დავალებას მომცემს…

📍გაიხსენეთ ყველაზე საინტერესოდ შესრულებული კომპლექსური დავალება.
✅ასეთი ჩემს პრაქტიკაში ბევრია. მახსოვს, როგორ სასიამოვნოდ გაოცდა ჩვენი ექსპერტი, როდესაც ვუთხარი, რომ მათემატიკისთვის მქონდა კომპლექსური დავალების პირობა და დავიწყე „გლახაკი და ქილა ერბოთი.“ მოსწავლეებს უნდა დაედგინათ იგავის საფუძველზე, რამდენ ხანში გამდიდრდებოდა გლახაკი… ეს იყო ბუნებრივი ინტეგრაცია ორი საგნის და საოცრად კარგად შეასრულეს ბავშვებმა. გავიხსენებ კიდევ ერთ მაგალითს: მოსწავლეებს დაევალათ ასი ლარით „შეეძინათ“ მოხუცთა სახლისთვის სხვადასხვა პროდუქტი. ამისთვის მათ უნდა მოეძიებინათ მრავალფეროვანი მენიუ, რომელიც მოხუცებისთვის იქნებოდა საჭირო, შესაბამისი წონითა და ფასებით. ბავშვებმა ცხრილის სახით წარმოადგინეს დავალება, შეჯერდნენ ერთ ვერსიაზე და გამოაცხადეს, რომ აპირებდნენ ნამდვილი აქციის მოწყობას! კონცერტი დაგეგმეს, ბილეთები გაყიდეს და შემოსავალი მთლიანად საჩხერის მოხუცთა სახლის ბენეფიციარებისთვის დახარჯეს. სოციალურ სახლში მისულებმა კონცერტიც გამართეს და ძალიან ამაყი ვიყავი მათი ჰუმანურობით, შემოქმედებითობით, იდეურობით…

📍რა რჩევას მისცემთ მასწავლებლებს, რომლებიც ახლა იწყებენ რეფორმის დანერგვას.
✅არ იფიქრონ, რომ ეს რთულია, რომ დროს ტყუილად დახარჯავენ…ეს არ არის რეფორმა სახელისთვის, ეს რეფორმა მომავალი თაობისთვისაა და კიდევ ვიტყვი ერთს: მუდმივად სიბნელეზე საუბარს, უმჯობესია, ერთი პატარა სანთელი ავანთოთ. ეს მარტივია და ჩვენს ხელთაა, კოლეგებო! დახმარება, რეკომენდაცია თუ დაგჭირდებათ, მიგულეთ კოლეგად, რომელიც არ დაგზარდებათ საკუთარი გამოცდილების გაზიარებას…

📍დაასრულეთ წინადადება: მოსწავლის შეფასებისას…
✅სახარების ოქროს წესი ყველა მასწავლებლისთვის სამარადჟამოა. ძალიან მარტივი ფორმულირება მაქვს შეფასების დროს: აღვნიშნავ, რა იყო კარგი და რა როგორ უნდა გამოსწორდეს. ვცდილობ, მოსწავლეებს ვათქმევინო, რა გამოუვიდათ იოლად და რატომ, რა გაურთულდათ და რაში ესაჭიროებათ დახმარება.

📍#ნონა_შალამბერიძე
📍საჩხერის, პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი