ინტერვიუ ექსპერტთან – როლანდ ხოჯანაშვილი

📚📚#მხარდამჭერი_ექსპერტები – #რეფორმისთვის
🔵ცვლილებების პროცესში რა ტიპის გამოწვევებს ხვდებით? რა არის მთავარი გამოწვევა?
✅ზოგადად, სიახლეები იოლი მისაღები არ არის. როცა გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, რომ სიახლეებმა შედეგი ვერ მოიტანა, უკვე სკეპტიციზმისთვის ნიადაგი არსებობს… შედეგები, რომლებიც გვაქვს განათლების სფეროში, ნამდვილად არაა საამაყო და ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. ვერ გამოვლიეთ მიზეზები, რითაც ვხსნით დაბალ ეფექტიანობას, მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი მოსწავლის დემოტივირებასა და მშობლის დაბალ პასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებს, მოსწავლე და მშობელი _ საგანმანათლებლო სისტემის ჩამორჩენილობაზე. გამოსავალი რომ მოიძებნოს, ყველა სისუსტე და საფრთხე უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად, ან დროული ინტერვენცია უნდა დავიწყოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც სამყაროში პროგრესირების მუდმივობისკენ მიგვანიშნებს, ეს არის სიახლეთა ნდომა. ჯერ კიდევ რუსთაველი ამბობდა „ნდომა სიახლის“ რამდენად მნიშვნელოვანია. უკან ვერ წავალთ და წრეზეც ვერ ვივლით, ეს აქსიომაა. პედაგოგი არის ყველაზე დიდი შესაძლებლობის ადამიანი, რომელიც გაიყვანს საზოგადოებას ულტრათანამედროვე მიღწევების ორბიტაზე. ეს უნდა გავითავისოთ მასწავლებლებმა: ჩვენი ძალისხმევის გარეშე სახელმწიფო და საზოგადოება ვერ აშენდება. კონსერვატორიზმი, ბიჰევირიოზმი, „ტრადიციული“ სწავლება, იზოლირებული ცოდნის მიწოდება, ტრანსფერირების ნაკლები სურვილი, ნაკლები პროცესი, გაბუნდოვნებული მიზნები, მიღწეულით კმაყოფილება და არა მარტო ეს ჩამონათვალი არის გამოწვევების კასკადი, რომელიც უნდა დავძლიოთ. მთავარი გამოწვევა, ჩემი დაკვირვებით, მაინც კონსერვატორიზმია. რთულია, მოსწავლე დააინტერესო იმავეთი, რითაც 20 და მეტი წლის წინ გვქონდა შედეგები. სამყაროს აჩქარებულ რიტმს კარგი მასწავლებელი მუდამ მიჰყვება, კარგი პედაგოგი მუდამ თანამედროვეა.

🔵გაგვიზიარეთ წარმატებული გამოცდილება.

✅როცა პირველად ექსპერტის სტატუსით მივედი საჩხერის N1 საჯარო სკოლაში, თითქმის მთელი შემადგენლობით დამხვდნენ კოლეგები. ვფიქრობდი, რომ მათ აინტერესებდათ ის, რაც „მიგვქონდა“ „ახალი სკოლის მოდელის“ წარმომადგენლებს. თურმე მათ პრეტენზიის გამოხატვა სურდათ. მუდმივი რეფორმირების მიუხედავად პრობლემები არ გამოლეულა და ეს ახალი რეფორმაც ძალიან მალე გვაჩვენებს თავის აფექტურობას – ასეთი იყო მასწავლებლების წინასწარი განწყობა. მერე ბევრი ვიშრომეთ, ბევრიც მოვითმინეთ, მეტი ვისწავლეთ ერთად და შედეგიც არაჩვეულებრივი გვქონდა. დინამიკურ, სწორ პროცესზე ორიენტირებული სკოლა უშედეგო არ იქნება, ეს ბუნებრივია. სკოლის ადმინისტრაცია გვერდში მედგა, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები მეტად კოლეგიალური, გულწრფელი და ღიმილიანები გახდნენ, ბავშვები კი – ბედნიერები… იმ პირველმა წელმა არა მარტო ჩემი პროფესიული მზაობა აჩვენა, არამედ – მეგობრებიც შევიძინე, რომლებსაც სიცოცხლის ბოლომდე ვუერთგულებ. ენდე, აღიარე, დაინახე მასწავლებელი და არ დაიზარო მხარდაჭერა, ეს უკვე წარმატების ფორმულაა… მახსოვს, რამდენიმე სკეპტიკოსის „განიარაღება“ დამჭირდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ყველა „მოწინააღმდეგე“ ახლა ჩემი გულითადი მეგობარია. ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ. ჩემს მსმენელებთან ერთად სვანეთის ტური გავმართეთ. თითქმის ერთი წლის ურთიერთობა „დაგვირგვინდა“ მსმენელთა გულწრფელი გამხელით: „ჩვენ გვქონდა არასწორი ინფორმაცია, რომ თქვენ ცუდი და მკაცრი ადამიანი იყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ერთი წლის განმავლობაში ისეთი კითხვები „დაგვეყარა“, რომლებსაც ვერ უპასუხებდით, ამიტომ გესწრებოდით ყველანი, ამიტომ გისვამდით უამრავ კითხვას, მერე გაქრა მცდარი წარმოდგენა და კომპეტენციაც გვიჩვენეთ… ჩამჭრელი კითხვების ნაცვლად ჩვენი ინტერესის სფეროს საკითხები გახდა ნათელი და ვაღიარეთ, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ მართლა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის სიკეთის მომტანია.“

ზოგადი განათლების რეფორმა ის საჭიროებაა, რომელიც საგანმანათლებლო სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შემიძლია, დავასახელო ათეულობით მასწავლებელი, რომლებმაც თავიანთი პრაქტიკა გახადეს უკეთესი და აქვე დავძენ, მათ უკვე აქვთ გამოცდილების გაზიარების არაერთი შემთხვევა ვირტუალური თუ კონტაქტური ფორმით… დავასახელებ ნონა შალამბერიძეს, ნანა კუსიანს, ნანა დარბაიძეს, თამარ კვანტიძეს, მეგი ჭანტურიას, ეთერ გოგელიძეს, ხათუნა სვანაძეს, მაია გურჯიძეს… ეს არასრული სიაა, ბუნებრივია. სწორედ მათთან ერთად არაერთი, მეგობრულ-კოლეგიალური შეხვედრა ჩაგვიტარებია რაჭაში, იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში… ისე, ერთსაც დავძენ, თუ ვინმე სკეპტიკურად უყურებს ზოგადი განათლების რეფორმას, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ პერევისაში ნახონ ნანა სამხარაძის და არა მარტო მისი გაკვეთილები…
უბრალოდ, მე და „ჩემები“ არ გავჩერდებით, იმიტომ, რომ ასე უკეთესია, ერთად უფრო იოლად ვძლევთ პრობლემებს და შედეგიც ერთად გვახარებს! ჩვენ გვაქვს პრინციპი: ისე ვეპყრობით კოლეგებს, როგორც ჩვენ გვინდა, რომ მოგვეპყრონ. ეს მიდგომა ყოველთვის და ყველგან ამართლებს.

📍#როლანდ_ხოჯანაშვილი
📍ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი ექსპერტი