
#ინტერვიუმასწავლებელთანრეფორმის ფარგლებში შეეცადეთ აღწეროთ მოსწავლის თვალით დანახული სასწავლო პროცესი.
სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. წინა წლებთან შედარებით უფრო მეტ ხანს ვჩერდებით ერთ ნაწარმოებზე, რაც საშუალებას გვაძლევს მეტი აქტივობებითა და სავარჯიშოებით ამოვწუროთ მოცემული მასალა. ასეთი გაკვეთილები მეტად გასაგები და იოლად აღქმადია.
ზოგადი განათლების რეფორმაში დაწყების დღიდან ჩავერთეთ. თავიდან თითქოს ვეწინააღმდეგებოდი, მეგონა, რომ ერთი და იგივე გაკვეთილი, გადანაწილებული სამ-ოთხ დღეზე, მოსაწყენი იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მოსწავლეებიც თანდათან მიეჩვივნენ. ყველაზე მეტად განსხვავება იგრძნობა, როდესაც სხვა სკოლიდან გადმოდიან მოსწავლეები, უკვირთ ხოლმე „კიდევ იგივე გაკვეთილი?“, თუმცა სასიამოვნოდ გაოცებულები რჩებიან და ცოტა სევდანარევი საყვედურითაც ამბობენ, ასეთი გაკვეთილები “იმ სკოლაში” რატომ არ გვიტარდებოდაო.
გაიხსენეთ ყველაზე საინტერესოდ შესრულებული კომპლექსური დავალება.
ყველაზე კარგია, როდესაც მოსწავლემ კონკრეტულად იცის რა უნდა გააკეთოს და როგორ შეფასდება.
ქართულში გამოვარჩევდი „რეპორტაჟს“. მოსწავლეებს უნდა აერჩიათ მათთვის საინტერესო თემა, მოერგოთ ჟურნალისტის როლი და მოემზადებინათ რეპორტაჟი. მოეგროვებინათ მონაცემები, ესწავლათ, გამართულად ესაუბრათ. ბავშვებმა გადაიღეს ვიდეო და კლასში ჩვენების შემდეგ იმსჯელეს, რა მოეწონათ, რას შეცვლიდნენ, რა იყო გასათვალისწინებელი, რომელმა რეპორტაჟმა მიიქცია ყურადღება და რატომ. საყურადღებო იყო ისიც, რომ რამდენიმე ვიდეო ერთსა და იმავე თემაზე იყო გადაღებული. იმსჯელეს, თითოეული რით იყო გამორჩეული, ერთმანეთს მეგობრული რჩევები მისცეს.
რა რჩევას მისცემთ მასწავლებლებს, რომლებიც ახლა იწყებენ რეფორმის დანერგვას.
არ შეუშინდნენ სიახლეებს. თავიდან შეიძლება პროტესტის გრძნობა გაუჩნდეთ. დაიწყონ იმით, რაც უკეთ გამოსდით, ნაბიჯ-ნაბიჯ გაყვნენ, დაამუშაონ ქვეცნებები. იმდენი იდეა გაუჩნდებათ, თვითონვე გაოცდებიან, სამუშაო პროცესი თვითონ უკარნახებთ რა და როგორ მოარგონ საკუთარ კლასს, თითოეულ მოსწავლეს, მიაწოდონ უკეთ და მივიდნენ დასახულ მიზნამდე. მასწავლებელი დამოუკიდებელია, თვითონ განსაზღვრავს რამდენ ხანს გაჩერდეს ერთი ნაწარმოების ირგვლივ, ზოგადი განათლების რეფორმა მრავალფეროვან მეთოდს სთავაზობს მოსწავლე სასწავლო პროცესში იყოს ჩართული ისე, რომ ხალისით მოამზადოს გაკვეთილები, არ იყოს მოსაბეზრებელი.
დაასრულეთ წინადადება: მოსწავლის შეფასებისას…
მოსწავლეების შეფასებისას აუცილებლად გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები. როგორ მოვიდნენ აქამდე, შევადაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ გადადგმული წარმატება მის დღევანდელობას და ვუთხრათ ის რეალური სიტყვები, რასაც იმსახურებს. არ დავინანოთ შესაქები სიტყვები, მეტი სტიმულის მისაღებად დავუკონკრეტოთ რა გააკეთეს კარგად და რაზე უნდა გაამახვილონ შემდეგში ყურადღება.
#ნინო_ფიცხელაურირუსთავის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საგნების მასწავლებელი