
#რესურსცენტრის როლი ზოგადი განათლების რეფორმაში.ჩემთვის ზოგადი განათლების რეფორმა არის შესაძლებლობა, როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, კიდევ უფრო მეტად წავახალისო სკოლის ინიციატივები, ხელი შევუწყო მოსწავლეებს, სკოლებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და თემს შორის კოლაბორაციას, ინკლუზიურ გარემოს, განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით საჭიროებების იდენტიფიცირებასა და სწავლისა და სწავლების თანაბარ ხელმისაწვდომობას.
რეფორმა მოითხოვს, რომ თვისებრივი ძვრები განხორციელდეს საკლასო ოთახში. ამ პროცესში მხარდამჭერ მექანიზმებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.
თანმიმდევრული საქმიანობით რესურსცენტრს შეუძლია ბიძგი მისცეს სკოლის დამკვიდრებული კულტურის პოზიტიურ ცვლილებას და მის განვითარებას.
რესურსცენტრს შეუძლია უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობითა და რეფლექსიით:
სტიმული მისცეს სკოლას, მრავალფეროვანი გამოცდილებებისა და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით მიაგნოს მიზნისკენ მიმავალ ოპტიმალურ გზას, იზრუნოს ადამიანური რესურსების პოტენციალის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე:
დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს მოსწავლეზე ორიენტირებული და საჭიროებაზე დაფუძნებული, ამბიციური სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, დროისა და გარემოებების შესატყვისი სასკოლო კურიკულუმი;
ჰქონდეს თვითშეფასების, მონიტორინგის, მხარდაჭერისა და შედეგების გამოყენების მწყობრი სისტემა.
რესურსცენტრი, როგორც მაკოორდინირებელი, ხელს უნდა უწყობდეს რეფორმის ფარგლებში სკოლებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, წარმატებული ქეისების განხილვას, მასტერკლასებისა და კონფერენციების ორგანიზებას, სკოლების ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებასა და ამ ძლიერ მხარეზე დაყრდნობით შესაბამის აქტივობებში პარტნიორი სკოლების ჩართვას.
რეფორმის ფარგლებში ძველი თბილისის რაიონის რესურსცენტრსა და სკოლებს შორის პროფესიული დიალოგის, სწორი და მიზნობრივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის საუკეთესო დასტურია იმ სკოლების რაოდენობა, რომლებმაც ისარგებლეს ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური სიახლის – სწავლებისა და შეფასების არჩევანის თავისუფლებით. კერძოდ, ჩემი რაიონის რამდენიმე სკოლა სწავლა-სწავლების პროცესში მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას იყენებს და წლიურ ქულას ანგარიშობს მხოლოდ შემაჯამებელი სამუშაოების საფუძველზე. ამ მიდგომის დანერგვიდან ერთი სასწავლო წლის შემდეგ გაანალიზდა შედეგები, რომლებიც მოგვიანებით გაზიარდა რეფორმაში ჩართული სკოლების რეგიონულ კონფერენციაზე. საათობრივი ბადის მესამე მოდელის დანერგვის ხელშეწყობა მოხდა რესურსცენტრის დირექციასთან ინტენსიური კომუნიკაციითა და კონსულტირებით. შეფასების მეთოდების სკოლის საჭიროებაზე მორგება და შედეგის მიღწევის გზების ინდივიდუალურობა, უდავოდ, სკოლების დემოკრატიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
უმნიშვნელოვანესია, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი ასრულებდეს ხარაჩოს როლს და ხელს უწყობდეს სასკოლო პროცესების მდგრადობას. მისი ყოველი ქმედება მიმართული უნდა იყოს იმ ლიდერებისა და პროცესების მხარდასაჭერად, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანური კაპიტალისა და ქვეყნის განვითარების საქმეში.
#ეკატერინე_კვირიკაშვილი
ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი