
#ინტერვიუ_მასწავლებელთანრეფორმის ფარგლებში შეეცადეთ აღწეროთ მოსწავლის თვალით დანახული სასწავლო პროცესი.
რეფორმის ფარგლებში საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთათვის გაცილებით უფრო საინტერესო, ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი გახდა. ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი აზრის თამამად ჩამოყალიბება, დასაბუთება, არგუმენტირება ,აზრთა გაცვლა-გამოცვლა თანაკლასელებთან განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა მათთვის. თითოეული მოსწავლე აღქმულია, როგორც ინდივიდი, რომლის აზრსაც პედაგოგი ითვალისწინებს და ადეკვატურად აღიქვამს. მათ უკვე აღარ სურთ სასწავლო პროცესის ძველებური მეთოდებით წარმართვა, სადაც აქცენტი მხოლოდ დეკლარატიული ცოდნის შეძენაზე იყო გამახვილებული. კომპლექსური დავალების შესრულება შემოქმედებით პროცესად იქცა, პროცესად, რომელიც საოცრად დინამიურია, სიღრმისეული და კოგნიტური უნარების გაფართოებაზე ორიენტირებული.
გაიხსენეთ ყველაზე საინტერესოდ შესრულებული კომპლექსური დავალება.
უკვე ორი წელია, რაც საგაკვეთილო პროცესს წარვმართავ კომპლექსურ დავალებამდე მისასვლელი აქტივობებით. ფაქტიურად ეს არის სვლა ერთი კომპლექსურიდან მეორისაკენ. ჩემთვის, როგორც მუსიკის საგნის მეგზურისათვის, უმნიშვნელოვანესი იყო დამენახა, თუ როგორ იმუშავებდა სწავლების ახალი მოდელი მოსწავლეებთან. მახსენდება ძალიან ბევრი კარგი ნაშრომი, მაგრამ განსაკუთრებით უნდა გამოვყო მეშვიდე კლასელი სსსმ მოსწავლის კომპლექსური დავალება თემაზე – ბუნება და ტექნიკა მუსიკაში. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო სწორედ მისი განსხვავებული აღქმა, მოსაზრებები და შეხედულებები, საოცრად ემოციურად დამუხტული და მკვეთრად ინდივიდუალური.
რა რჩევას მისცემთ მასწავლებლებს, რომლებიც ახლა იწყებენ რეფორმის დანერგვას.
რეფორმა მუდმივად განახლებადი პროცესია, სავსე ძიებებითა და ნოვაციებით. მარტივი არ არის ყოველივე ამის ერთსახოვნად აღქმა. ამიტომ, ნუ იქნებით სკეპტიკურნი, აღიქვით და მიიღეთ ნოვაციები, ჩვენ ხომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ, კომპიუტერის ეპოქაში… მუდამ იმუშავეთ საკუთარ თავზე, არ შეწყვიტოთ თვითგანვითარება, არ არსებობს დაუძლეველი ბარიერები.
დაასრულეთ წინადადება: მოსწავლის შეფასებისას…
გაიხსენეთ, რომ ოდესღაც თქვენც მათი ასაკისანი იყავით… მგონი ამით ბევრია ნათქვამი…
#ეკა_ბარნაბიშვილითბილისის 143-ე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი