ინტერვიუ რესურსცენტრის ხელმძღვანელთან – ქეთევან ჭიპაშვილი

🟦#რესურსცენტრის როლი ზოგადი განათლების რეფორმაში.
📝რესურსცენტრის მიზანია სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, მაგრამ მისი უმთავრესი მისიაა დაეხმაროს სკოლებს საკუთარი ფუნქციის უკეთ განხორციელებაში. იმ უამრავ საქმიანობაში, რასაც რესურსცენტრები ყოველდღიურად ვახორციელებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი, საჯარო სკოლებში მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა და კონსულტირება გახლავთ. მითუმეტეს ახლა, როდესაც მიმდინარეობს და უკვე აქტიურ ფაზაშია „ზოგადი განათლების რეფორმა“-ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა.

XXI საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა და განათლების სისტემამ უნდა შეძლოს მოსწავლეებში სისტემური ცოდნის კონსტრუირება; მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა „ზოგადი განათლების რეფორმის“ დაწყება, ანუ მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია შემოქმედებით პროცესში მოსწავლის აქტიურ ჩართვაზე, სასწავლო მასალის სიღრმისეულ გააზრებასა და ინფორმაციის ცოდნად გარდაქმნაზე.

ზოგადი განათლების რეფორმის მთავარ მამოძრავებლად დეცენტრალიზაცია და სკოლებისთვის შემოქმედებითი თავისუფლების მიცემა იქცა, სწორედ აქ სჭირდებათ სკოლებს აქტიური მხარდაჭერა, თანადგომა და დახმარება. რესურსცენტრს კარგად აქვს გააზრებული, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი პრიორიტეტი, სკოლის საჭიროებებზე დაფუძნებული და მორგებული სასკოლო სასწავლო გეგმების განვითარება, ამიტომ ყოველდღიურობად იქცა, დავეხმაროთ სკოლებს შექმნან საკუთარი, ორიგინალური სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც მორგებული იქნება მათი მოსწავლეების ინტერესებსა და აკადემიურ საჭიროებებზე.

რესურსცენტრების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა სკოლის, როგორც ერთიანი გუნდის განვითარება, რაც თავისთავად გულისხმობს – არა კონკურენციას მასწავლებლებს შორის, არამედ მათ თანამშრომლობას და ერთიან გუნდად ჩამოყალიბებას,სკოლის ბაზაზე მათ პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერას…
ვეხმარებით სკოლებს, რომ აქცენტი გააკეთონ პროცესებზე და არა მოკლევადიან შედეგებზე და მთავარი საზრუნავი როგორც რესურსცენტრის, ასევე სკოლების ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობაა – სკოლა თითოეულ მოსწავლეს უნდა აძლევდეს თვითრეალიზებისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

იმისათვის, რომ რესურსცენტრები ადგილზე გაუმკლავდეთ ზოგადი განათლების რეფორმის, ანუ მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის თანამდევ პროცესებსა და გამოწვევებს, აუცილებელია, რომ თვითონ რესურსცენტრი იყოს ძლიერი, სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესის თანამონაწილე, რადგან ძლიერი რესურსცენტრი უკეთ დაეხმარება სკოლებს ინსტიტუციურ განვითარებასა და მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიცემაში, რამეთუ ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, ქვეყნის მდგრადი განვითარების საწინდარია.

#ქეთევან_ჭიპაშვილი
📍 ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი