ინტერვიუ მასწავლებელთან – ნანა მგალობლიშვილი

#ინტერვიუ_მასწავლებელთან
🟦რეფორმის ფარგლებში შეეცადეთ აღწეროთ მოსწავლის თვალით დანახული სასწავლო პროცესი.

📝მოსწავლეზე ორიენტირებული აქტიური სასწავლო პროცესი ითვალისწინებს მათ ინტერესებსა და ასაკობრივ მზაობას. თითოეული ბავშვი არის განვითარების სუბიექტი და არა წვრთნის ობიექტი. სწავლება პიროვნების განვითარების პროცესია, რომლის საფუძველზე მოსწავლეს უყალიბდება პრობლემის გადაჭრის უნარი.”სწავლა კეთებითა და გამოცდილების მიღებით” საშუალებას აძლევს მას, აითვისოს ახალი მასალა და ცნებები პრობლემის გადაჭრის პროცესში. დააგემოვნოს თვითონ პროცესი, იქონიოს გამბედაობა, საკუთარი გონებით იმოქმედოს, არ იყოს ექო, არამედ ინდივიდუალური ხმა, რომელმაც დაძლია”რთული, გაუგებარი, კომპლექსური, აბსტრაქტული” პრობლემის შიში.

მასწავლებელი არის ცოდნის შექმნის ხელშემწყობი, ააქტიურებს ბავშვის შესაძლებლობებს, ზედა დონის სააზროვნო უნარ-ჩვევებს, ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების აქტუალიზაციას. აქტიური სწავლების პროცესისას სწავლა აღარაა რუტინული და სტანდარტული.

21-ე საუკუნეში ადამიანი ფაქტს, თვალსაზრისს, ამბავს, რომ ერთმანეთისგან ვერ მიჯნავს, ნამდვილად მეტყველებს განათლების კრიზისზე. ბავშვს არ აჩვევს სკოლა კრიტიკულ აზროვნებას, “ცოდნის შექმნას”, არ აღიქვამს სუბიექტად, პროცესის აქტიურ მონაწილედ, შესაბამისად, დემოტივირებულია, სკოლა არ არის მისთვის კომფორტული, თავისუფალი, მის პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე.

რეფორმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გაიზრდება მასწავლებლისა და მოსწავლის სწავლა სწავლების მოტივაცია, ეს იქნება ცოცხალი პროცესი, სუბიექტის ურთიერთობა სუბიექტთან, რომლებსაც აკავშირებთ საერთო მიზნები, ინტერესები, მისწრაფებები, მზაობა სწავლების ძველი სტილის შეცვლა აღიქვან არა პრობლემად, არამედ ინტელექტუალურ გამოწვევად. მითუმეტეს, ორიენტირებული ხარ გრძელვადიან მიზნებზე, გაქვს საჭირო დრო იმისთვის, რომ შეძლო მიზნის მიღწევისთვის სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავება.

ხშირად მასაწავლებლებში სიახლეები შიშს იწვევს, აზრობრივად ნაცნობი ურჩევნიათ, უნებლიეთ ებრძვიან განათლებას, ტრადიციული სწავლების ნორმების დაცვით, რეფორმას დროიდან ამოვარდნილ მეთოდებს უპირისპირებენ. ჯერ კიდევ განმანათლებლებმა “დაამკვიდრეს პარადიგმა, რომ ცოდნა, შემეცნება წინსვლის, განვითარების, პროგრესის საწინდარია”. სკოლა ცოდნისა და შემეცნების კერა უნდა იყოს და არა სოციალური სახლი, სადაც თავს შეაფარებ, ერთ დონეზე გაგკრეჭენ სტადიონის კოინდარივით, ამორფულ ობიექტებად გაქცევენ, ნებისმიერ კალაპოტს რომ მოერგება.

🟦გაიხსენეთ ყველაზე საინტერესოდ შესრულებული კომპლექსური დავალება.

📝კონსტანტინე გამსახურდია,”დიდოსტატის მარჯვენა”.პრობლემის შეფასება სხვადასხვა პოზიციიდან.(პერსონაჟები,ავტორი).თალაგვა კოლონკელიძის დასჯის შეფასება სხვადასხვა მხრიდან(გიორგი პირველის,შორენას,მელქისედეკ კათალიკოსის პოზიციიდან).პრობლემის გადაჭრის განხილვა

ა)ზნეობრივი პოზიციიდან.
ბ)სახელმწიფოებრივი პოზიციიდან
გ)ინდივიდუალური პოზიციიდან.

რამდენად აქტუალურია პრობლემა დღეს. (რატომ იქცა ისტორიულ სენად “ავადმყოფურად გაზვიადებული მე”).

🟦რა რჩევას მისცემთ მასწავლებლებს, რომლებიც ახლა იწყებენ რეფორმის დანერგვას.

📝1514-1517 წლებში გერმანელმა გამომცემელმა გამოაქვეყნა სატირულ წერილთა კრებული-“ბნელი კაცის ჩანაწერები”. ამ წიგნიდან დაიბადა ახალი ტერმინი-ობსკურანტიზმი, რომელიც განმანათლებლობისა და მეცნიერული აზრისადმი მტრულად განწყობილ ადამიანებს აღნიშნავს. ვურჩევდი არასოდეს განვეწყოთ მტრულად სიახლეებისადმი, არ შევუშალოთ ხელი საგანმანათლებლო სივრცის განახლებას, ჩვენი ცნობიერებითა და დამოკიდებულებით ვიყოთ დროისა და ეპოქის თანაზომიერი. სულხან -საბას იგავი გავიხსენოთ, რა დაემართა “მყვარს”,რომელმაც გუბე ვერ დათმო.

🟦დაასრულეთ წინადადება: მოსწავლის შეფასებისას…

📝არ გამოვიყენოთ ნიშანი მათ დასასჯელად, შეფასებაში არ ავსახოთ დისციპლინა.

#ნანა_მგალობლიშვილი
📍ჩოხატაურის სამრევლო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი