
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება ახალი გამოწვევა აღმოჩნდა როგორც სკოლის დირექციისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ინტერესი, მოტივაცია და მზაობა საკმაოდ დიდი იყო სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის. მასწავლებლები ინტენსიურად იღებდნენ მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ შეხვედრებსა და ვებინარებში, ზრუნავდნენ თვითგანვითარებაზე და გამოხატავდნენ მზაობას, რომ სწორად მიეტანათ ყველა სიახლე მოსწავლეებამდე.
მასწავლებლებმა დაგეგმეს და განახორციელეს კომპლექსური დავალებები. თავდაპირველად პრობლემას წარმოადგენდა გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, თუმცა დროთა განმავლობაში პედაგოგებისთვის ნათელი გახდა, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს სამიზნე ცნებებზე ორიენტირება და არა საკითხების გარკვეული რაოდენობების დაფარვა დროის გარკვეულ მონაკვეთში. ყველა მასწავლებელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ კომპლექსური დავალებებით სწავლებამ სასწავლო პროცესი გახადა მოსწავლეზე ორიენტირებული, სახელმძღვანელოს გარდა სხვადასხვა მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. კომპლექსური დავალებების ფარგლებში შეიქმნა არაერთი საინტერესო რესურსი და თვალსაჩინოება. ასევე აღსანიშნავია, რომ მასწავლებელი საკითხის დამუშავების დროს მეტ აქცენტს აკეთებდა განმავითარებელ შეფასებაზე, რომელიც ორიენტირებული იყო არა დასჯაზე, არამედ სუსტი მხარეების წარმოჩენასა და მის განვითარებაზე.
კომპლექსური დავალებების განხორციელების პარალელურად მიმდინარეობდა ინტენსიური შეხვედრები კათედრის წევრებს შორის, სადაც ხდებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და საკუთარი გამოცდილებების გაზიარება. გაიზარდა კოლეგებს შორის თანამშრომლობა , რაც სასკოლო კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
რეფორმის სწორად განხორციელებაში მნიშვნელოვანია მშობლის როლი, რომლისთვისაც კომპლექსური დავალებებით სწავლება ასევე სიახლეა და ხშირ შემთხვევებში აქვთ კიდეც დამაზუსტებელი შეკითხვები. ამ ნაწილში ძალიან დაგვეხმარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული მშობლის ბარათები, რომლებმაც ერთგვარი დამხმარე რგოლის ფუნქცია შეასრულა და შესაძლებლობა მისცა სკოლას და მასწავლებლებს მშობლებამდე მიეტანათ სწორი ინფორმაცია კომპლექსური დავალებების შესახებ და ასევე დროულად მოგვეხდინა ინფორმირება, თუ რომელ საგანში რომელ საკითხზე მუშაობდა მისი შვილი, რა რესურსების დამუშავება მოუწევდა დავალების ფარგლებში და ასევე რა საბოლოო პროდუქტი უნდა შეექმნა საპრეზენტაციოდ.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლაში ხორციელდება სასკოლო პროექტი ადამიანის უფლებების თემაზე სახელწოდებით-„თანასწორობა“, რომელშიც ჩართულია ყველა მოსწავლე და მასწავლებელი.
მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში დავნერგეთ და ავამოქმედეთ მდგრადი განვითარების კალენდარი, რომლის ფარგლებში კათედრების მიხედვით დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან სკოლამ გამოყო ცალკეული პრიორიტეტები, რომელიც გახდა სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გარემოსდაცვითი მიმართულება. მიზნად დავისახეთ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების შეცვლა და სკოლაში ეკოლოგიური კულტურის განვითარება. ავამოქმედეთ მწვანე კალენდარი, ჩავერთეთ „ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პროექტში“, რომლის ფარგლებში განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობა და დავიმსახურეთ „მწვანე ჯილდო“.
ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის ყველა და საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგებში, რომელიც განხორციელდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით. ტრენინგის ფარგლებში გაზიარებულ რესურსებს პედაგოგები აქტიურად იყენებენ სწავლა-სწავლების პროცესში.
მიმდინარე სასწავლო წელს არაფორმალური განათლების ფარგლებში სკოლამ გამოხატა მზაობა ვითანამშრომლოთ ქართული დიასპორის საკვირაო სკოლებთან, 2022 წლის იანვრიდან დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ დიასპორის სკოლასთან ერთად.
სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოიდგენს სკოლაში ინკლუზიური გარემოს შექმნა. ყველა მასწავლებელმა მოახდინა კომპლექსური დავალებების ადაპტირება სსსმ მოსწავლის მზაობისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო გახდა უფრო საინტერესო, სახალისო, თანამშრომლობითი; შეიცვალა სასკოლო კულტურა; შეიქმნა სასკოლო კურიკულუმი, რომლის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საგნობრივი სასწავლო გეგმები, რომლის ფარგლებშიც თავად პედაგოგებმა განსაზღვრეს თემების მიხედვით დასამუშავებელი საკითხები და კომპლექსური დავალებები; შეიცვალა მშობლის დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ; ახლო მომავალში ვგეგმავთ გარკვეული ცვლილებების შეტანას სასკოლო ცხოვრებაში, რაშიც დიდ დახმარებას გაგვიწევს პედაგოგების ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც შეიძინეს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.
#თიკო_გურამიშვილი
თბილისის #51სკოლის დირექტორი