ინტერვიუ მასწავლებელთან – გვანცა ჭოლიკაური

#ინტერვიუმასწავლებელთან
❓ რეფორმის ფარგლებში შეეცადეთ აღწეროთ მოსწავლის თვალით დანახული სასწავლო პროცესი.
👩‍🏫”მე თავად ვქმნი ამ საინტერესო სასწავლო პროცესს…“ (მოსწავლე)
ამჟამად ვასწავლი II, III და IV კლასის მოსწავლეებს.
ვხედავ, როგორი ინტერესით ეკიდებიან კომპლექსურ დავალებას ჩემი პატარები: „ერთი სული მაქვს დავიწყო გამოცანების მომზადება ცხოველებზე, ხვალიდანვე დავიწყებ…“, – აღტაცებით წამოიძახა ჩემმა ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც ყოველ მეორე დავალებასა თუ დავალების ჩანიშვნასაც კი აპროტესტებს.
გარდა იმისა, რომ პატარები სასწავლო პროცესში ინტერესით ერთვებიან, ისინი ხედავენ თავიანთ როლს, მნიშვნელოვნებას ამ პროცესში. მართალია, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს ცოტა უჭირს კომპლექსური დავალების მომზადებისა თუ მისი წარდგენის პროცესზე საუბარი, თუმცა, ადვილი შესამჩნევია, მისი კმაყოფილება, აღტაცება, როდესაც მასწავლებელი სთხოვს, გაუზიაროს მას და თანაკლასელებს, მაგალითად, სიტყვების დასწავლის მეთოდი, ან ურჩიოს პედაგოგს, რა შეიძლება შეიცვალოს კომპლექსური დავალების პირობაში, რათა ეს უკანასკნელი შემდგომში მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს…

❓ გაიხსენეთ ყველაზე საინტერესოდ შესრულებული კომპლექსური დავალება.
👩‍🏫გასული სასწავლო წლის I სემესტრს პირველად ვცადე კომპლექსური დავალების პირობის მოფიქრება და შემდეგ მისი განხორციელება (III კლასში). ეს იყოს პოსტერის პრეზენტაცია, თემაზე – წითელქუდასა და მგლის საყვარელი და დაწუნებული ხილ-ბოსტნეული. ჩემი პატარები ძალიან გაახალისა პიკნიკზე მიმავალი წითელქუდასა და ვეგეტარიანელი მგლის კალათის აღწერამ. რამდენიმე მოსწავლემ წარმოადგინა კომიქსი და მოახდინა მისი გასიტყვება.

❓რა რჩევას მისცემთ მასწავლებლებს, რომლებიც ახლა იწყებენ რეფორმის დანერგვას.
👩‍🏫“მეც თქვენთან ვარ ჩემო ოდნავ უმცროსო მეგობრებო და ეს ჩვენი კომპლექსური დავალებაა, რაც არ მოგვწონს – ვცვლით …” (მასწავლებელი)
თითოეულ მოსწავლეს მიეცით საშუალება, მოირგონ კომპლექსური დავალების პირობა. მუდმივად უნდა გაუმეოროთ, რომ ეს მათი დავალებაა…
ჩემს პატარებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ამა თუ იმ დავალებას მეც ვასრულებ (მოსწავლის როლს ვირგებ). კომპლექსური დავალების განხორციელებისას ყოველთვის ერთ-ერთი გამომსვლელი ვარ. სცადეთ თქვენც… გარდა იმისა, რომ ასე მოსწავლეებს უფრო დააინტერესებთ, უფრო გაგიმარტივდებათ კიდეც კომპლექსური დავალების პირობაში, რესურსებსა თუ მოსამზადებელი ეტაპის აქტივობებში გაპარული ხარვეზების დანახვა.

❓ დაასრულეთ წინადადება: მოსწავლის შეფასებისას…
👩‍🏫სიტყვა „შეცდომა“ ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკიდან

✅#გვანცა_ჭოლიკაური
📍თბილისის N11 საჯარო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი